ფსიქიკური პროცესების მაორგანიზებელ და მაკონტროლებელ ორგანოს ცენტრალური ნერვული სისტემა წარმოადგენს. ფსიქიკური პროცესების ორგანიზაციის კანონზომიერებების დადგენისათვის აუცილებელია როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური ორგანიზაციის პრინციპების, ისე ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების თავისებურებათა და მათი ურთიერთდაკავშირებული მოქმედების ცოდნა, რასაც ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მიმართულება - ნეიროფიზიოლოგია შეისწავლის. ნეიროფიზიოლოგიის ფარგლებში შეისწავლება  ადამიანის ნერვული სისტემის სტრუქტურა, ფუნქციები და ამ ფუნქციათა მექანიზმები. ის მოიცავს ნერვული სისტემის შესწავლას ნეირონიდან დაწყებული, უმაღლესი ნერვული მოქმედებით დამთავრებული.